------
ყურადღება პოსტი შეიცავს სპოილერებს
10. კოლინ სალივანი – განდგომილები(The Departed) – მარტინ სკორსეზეს
ამ საქვეყნოდ აღიარებულ კრიმინალურ ისტროიაში, მეთ დეიმონის გმირი პოლიციის თანამშრომელია,
ამავდროულად მაფიის ინფორმატორიც. მთელი ფილმის განმავლობაში, იგი ახერხებს წყლიდან
მშრალად ამოსვლას, თუმცა ბოლო სცენაში ვერც ის გაურბის სრულიად დამსახურებულ სასჯელს
– შუბლში ტყვიის სახით.
9. კეისარი კომოდუსი – გლადიატორი(Gladiator) – რიდლი სკოტის ამ
ოსკაროსან შედევრში, კომოდუსის სახით, ხოაკინ ფენიქსმა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი
ანტაგონისტი შექმნა კინემატოგრაფიის ისტორიაში. ეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და
ულმობელი იმპერატორი, მთელი ფილმის განმავლობაში სიძულვილს იწვევს მაყურებელში თავისი
ქმედებებით. კულმინაციურ სცენაში, მაყურებელი ეპიკური დუელის მომსწრე ხდება, სადაც
კომოდუსი თავის დამსახურებულ ხვედრს იღებს.
8. კაპიტანი ვიდალი – ფავნის ლაფირინთი(Pan's Labyrinth) – გილერმო დელ
ტოროს ფენტეზის თემატიკის დრამაში, ესპანელი
კაპიტანი ვიდალი ფილმში არსებული ბნელი მხარეა. მისი დესპოტური ბუნება მაყურებელში
ნეგატიურ განცდებს იწვევს, ეს ყველაფერი კი უფრო მძაფრდება ფილმის კულმინაციისას. თუმცა
წინა შემთხვევების მსგავსად, ბოროტი კაპიტანი ტყვიის მსხვერპლი ხდება, რომელსაც მაყურებელი
ახლო რაკურსიდან ადევნებს თვალყურს.
7. ჰიტლერი – უსახელო ნაბიჭვრები(The Inglorious Bastards) – ტარანტინომ ამ ბრწყინვალე
ნამუშევარში, არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა. ფილმში მოქმედებს ებრაელ
ჯარისკაცთა ჯგუფი, რომლებიც დაუნდობელად ნადირობენ ფაშისტებზე. კულმინაციურ ეპიზოდში, ტარანტინომ ისტორიის ალტერნატიული
ვარიანტი შემოგვთავაზა, სადაც ჰიტლერი ებრაელ ჯარისკაცთა ოპერაციის მსხვერპლი ხდება.
კადრებში მაყურებელი ხედავს, თუ როგორ დეფორმირდება უსულო ჰიტლერის სხეული და სახე
ავტომატიდან ნასროლი ტყვიებით. ამ კადრით ტარანტინომ ერთგვარი შურისძიება წარმოაჩინა
ებრაელი ხალხის მხრიდან.
6. T1000 -ტერმინატორი 2(Terminator 2: Judgment Day) - ეს ფილმი დიდი ხანია კლასიკად
ითვლება, რობერტ პატრიკის მიერ შესრულებული T1000 კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტაგონისტი.
ამ უსულო, ადამიანის ფორმის კიბორგს, მთელი ფილმის განმავლობაში გაურბიან მთავარი გმირები,
თუმცა ბოლო სცენაში ტერმინატორის ზუსტი გასროლის შემდეგ, T1000 გამდნარ, ადუღებულ მეტალში
ვარდება, სადაც გახელებული მცდელობის მიუხედავად, სამუდამოდ რჩება.
5. დეტექტივი ალონსო – საწვრთნელი დღე(Training Day) – ეს ფილმი უკვე
შემოგთავაზეთ ჩვენს რუბრიკაში – ,,დღევანდელი ფილმი“ – დენზელ უოშინგტონის გმირში თავმოყრილია
ამორალური, კორუმპირებული პოლიციელის ყველა უარყოფითი შტრიხი. დაუნდობლობა, ცინიზმი,
მოღალატეობა, გულგრილობა და ა.შ. მიუხედავად უოშინგტონის ოსკაროსანი შესრულებისა, ალონსოს
გმირი არანაირ პოზიტიურ ემოციებს არ იწვევს. შესაბამისად არც სენტიმენტებს, როდესაც ფილმის ბოლოს, მას უმოწყალოდ ჩაცხრილავენ რუსი მაფიოზები.
4. შერიფი – მიმიფურთხებია თქვენი საფლავებისთვის(I Spit on Your grave) –
ეს Revenge ფილმი, შეიძლება ითქვას მთლიანად ,,სასიამოვნო“ სიკვდილის სცენებისგან შედგება,
თუმცა მათ შორის უდაოდ გამორჩეულია მოძალადე შერიფის, როგორც მთავარი მოძალადის დასჯის
სცენა, მისი და თავისი ბანდის მიერ გაუპატიურებული გოგონას მხრიდან.
3. უეინგრო – შერკინება(Heat) – ამ ლეგენდარული ფილმში, უეინგრო
ნამდვილად არ არის ცენტრალური პერსონაჟი, თუმცა მოვლენების განვითარებაში ის კრიტიკულ
როლს ასრულებს. ის მოღალატე, უპრინციპო და დაუნდობელი მკვლელია. რობერტ დე ნიროს
პერსონაჟი სწორედ უენგროს დასჯის განზრახვით, საკუთარ კეთილდღეობას რისკავს, რაც საბოლოოდ
ფილმის მსვლელობასაც ცვლის, თუმცა მანამდე უეინგრო თავისი ქმედებებისთვის, საკუთარი
სისხლით აგებს პასუხს.
2. ჰაგენი – ნიბელუნგების ბეჭედი( Ring of the Nibelungs) – ამ ფენტეზურ ტრაგედიაში,
სარდალი ჰაგენი ერთერთი მთავარი ანტაგონისტია, რომელიც ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭითაა
შეპყრობილი და ამის ფონზე არაერთ ინტრიგას ხლართავს, საბოლოოდ კი მის მიერ ნასროლ შუბს
ეწირება უფლისწული ზიგფრიდიც. თუმცა ამის შემდეგ არც თავად ჰაგენს უწერია დიდი ხნის
სიცოცხლე. შურისმაძიებელ დედოფალ ბრუნჰილდასთან შერკინება მისთვის საბედისწეროდ,
თავის მოკვეთით სრულდება.
1. დარბი – კანონმორჩილი მოქალაქე(Law Abiding Citizen) – წინა ფილმებისგან
განსხვავებით, დარბის სიკვდილის სცენა, ფილმის
არა დასკვნით, არამედ პირველ ნაწილშია წარმოდგენილი. დარბი სადისტი მოძალადეა, რომელიც
მეწყვილესთან ერთად, მთავარი გმირის, ნიკის ოჯახში იჭრება და ცოლ–შვილს უკლავს მას.
ათი წლის შემდეგ ნიკი ჩაფიქრებულ შურისძიებას ასრულებს და დარბის ნამდვილ ჯოჯოხეთს
უწყობს. მიუხედავად იმისა, რომ დარბის სასტიკი წამება კადრს მიღმაა ნაჩვენები, მისი
ასეთი აღსასრული მაინც აკმაყოფილებს მაყურებელში გაჩენილ შურისძიების სურვილს.
Comments
Post a Comment